მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გააღარიბა, ინვესტორები გაყარა
მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გააღარიბა, ინვესტორები გაყარა

სამუშაო ადგილები, შემოსავალი თუ გვინდა, საჭიროა, „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ნდობის აღდგენა, ინვესტორებთან საუბარი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ენკასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორები საქართველოში საქმიანობისგან თავს შეიკავებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გააღარიბა, გაყარა ინვესტორები. უამრავი სხვა ინვესტორი აპირებდა რაღაცას ამ ქვეყანაში და იმედის თვალით უყურებდა, პირდაპირ გეუბნებით, რომ აქეთ აღარავინ გამოიხედავს. თუ გვინდა სამუშაო ადგილები, შემოსავალი, საჭიროა, „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ნდობის აღდგენა, ინვესტორებთან საუბარი და იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც სხვა ნორმალური ქვეყანა დგამს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.