მამუკა ხაზარაძე - ქართული ღვინისა და ქართველი გლეხის უგულებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული
მამუკა ხაზარაძე - ქართული ღვინისა და ქართველი გლეხის უგულებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული

„ლელოს“ წარმომადგენლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მევენახეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და დაუგეგმავი რთველი, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ პრობლემები გააპროტესტეს.

„ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების” მთავრობის დროს, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საქმე საგრძნობლად გაფუჭდა.

„აქ რისთვისაც ვართ, ეს მხოლოდ ხაშმის პრობლემა არაა, არამედ იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც აქვს ვაზის 8000 წლოვანი ისტორია, რომელსაც აქვს 525 ენდემური ჯიშის ყურძენი და მათ შორის არის ხაშმის საფერავი, მანავის მწვანე. ქინძმარაულში მოყვანილი საფერავი ღირს იგივე, რაც საფერავი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ღვინის საქმე ამ ოცნების ხელში წავიდა უკან და უკან. 80 თეთრად როცა აბარებენ იგივე მანავის მწვანეს და არანაირი განსხვავება არ არის რქაწითელს შორის, ეს ნიშნავს, რომ არანაირ ხარისხს და წარმოშობის ადგილმდებარეობას, ყურადღებას არ აქცევენ. ამ თეთრებში გლეხის შრომა არის ზარალი. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც და მსყიდველობის უნარიანობა ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ვარდება. პრაქტიკულად, გამოდის, რომ გლეხი ზარალზე მუშაობს მთელი წელი და ეს დაუშვებელია. სამი წლის წინ ქართული საექსპორტო ერთი ბოთლი ღვინო ღირდა 3.50 დოლარი და წელს ღირს 2.40 დოლარია, შემდეგ წელს, თუ ასე გაგრძელდება, გლეხამდე ბოლოს თეთრებიც აღარ დარჩება. არანაირი სტრატეგია არ გააჩნია მთავრობას, არანაირი გეგმა არ აქვს, რომ ქართული ღვინო ააღორძინონ.

ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს რადიკალურად შეიცვლება. საქართველოს საექსპორტო ღვინო გახდება მაღალანაზღაურებადი პროდუქტი. ჩვენ უნდა გავყიდოთ ქართული ღვინო მაღალ ფასად, რათა გლეხმა მიიღოს სარგებელი”, – განაცხდა ხაზარაძემ.

აქციას ესწრებოდა „ლელოს” გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე.

მისი თქმით, პრობლემა რთველის არაორგანიზებულობას უკავშირდება, ხოლო ყურძნის დაბალი ფასი გლეხს მოტივაციას უკარგავს.

დატოვე კომენტარი