მამუკა ხაზარაძე - პარტია „ლელო“ დაფუძნდება 12 დეკემბერს „თბილისი ცენტრალში“, სადაც ყველა მატარებელი შემოდის
მამუკა ხაზარაძე - პარტია „ლელო“ დაფუძნდება 12 დეკემბერს „თბილისი ცენტრალში“, სადაც ყველა მატარებელი შემოდის

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პარტიის ოფისი „თბილისი ცენტრალში“ განთავსდება.

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში, ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პირადად შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს. მე და ჩემი გუნდი, ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიდეთ გამარჯვებულის მდგომარეობაში. პარტიის ოფისი გაიხსნება „თბილისი ცენტრალში“, იქ, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი შემოდის, მგზავრები რეგიონიდან. მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით. სწორედ აქ იკრიბება ჩვენი ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის პრობლემა, ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება თქვენი პარტია. ჩვენ გაერთიანებით უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პარტიის ოფისად „თბილისი ცენტრალი“ შეირჩა, რადგან წლების წინ მისმა კომპანიამ მოახერხა ინვესტიციების მოზიდვა და ამ ადგილისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

„თბილისი ცენტრალში“ წლების წინ დაახლოებით 100 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ძალიან მძიმე პირობებში, ჩვენ მოვახერხეთ მოგვეზიდა 30 მილიონი დოლარი საერთაშორისო დაფინანსება, ევროპული და ამერიკული ბანკისგან, ჰოლანდიური და ინგლისური ფონდებისგან. ჩვენ დაახლოებით მილონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რომ აქ მცხოვრები დევნილები საკუთარ ბინებში განგვეთავსებინა, შეგვექმნა ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის. დღეს აქ 1500 ადამიანი შრომობს, წარმოდგენილია 150 სხვადასხვა ტიპის კომპანია, სასტუმრო, ჯამურად ეს ობიექტი 250 მილიონი ლარის ბრუნვას ახორციელებს და დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეაქვს ბიუჯეტში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ დამფუძნებელმა დღეს მოძრაობის 12 ახალი წევრიც წარადგინა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელოს“ წევრი იქნება ლევან ასლანიშვილი, რომელიც არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე.

„ლევანი დღეს მუშაობს თბილისის მერიაში. ეს არის პრეცედენტი, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, საჯარო მოხელეს, ვინც არის პროფესიონალი, არავინ შეეხოს მათი პარტიული გემოვნების და კუთვნილების გამო. ეს პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, ესენი არიან:

ანი ბიბილაშვილი – არქიტექტორი, არქიტექტურის მაგისტრი, ურბანული დაგეგმარების საკითხებზე მუშაობდა ლისაბონის უნივერსიტეტში;

კახა ჯუღელი – ინჟინერი ბიზნესმენი, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

ნინო შათირიშვილი – ინგლისური ენის და ლიტერატურის სპეციალისტი, წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში;

თამაზ სეფიაშვილი – კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი;

ხათუნა ბერიშვილი-ლობჟანიძე, – დიასახლისი, ოთხი შვილის დედა, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება, კალათბურთის სპორტსკოლის ყოფილი მწვრთნელი;

ბექა ყულოშვილი – ბიზნესის ადმინსიტრირების სპეციალისტი;

გიორგი მკრტიჩიანი – კომუნიკაციების სპეციალისტი;

დათო მესხი – ბუღალტერი, ამჟამად მუშაობს ტაქსტის მძღოლად;

დავით დარბაიძე – პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი;

ნატალია დევდარიანი – უცხო ენების სპეციალისტი;

თათია ჯიმშიტაშვილი – სამართალმცოდნე;