მამუკა ხაზარაძე - ნუ ვიმსჯელებთ, ათი დღის შემდეგ რა მოხდება, ხვალ იქნება ახალი სიტუაცია, ზეგ ახალი, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დამთავრდება, ვიდრე ქვეყანა არ მიიღებს ახალ არჩევნებს
მამუკა ხაზარაძე - ნუ ვიმსჯელებთ, ათი დღის შემდეგ რა მოხდება, ხვალ იქნება ახალი სიტუაცია, ზეგ ახალი, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დამთავრდება, ვიდრე ქვეყანა არ მიიღებს ახალ არჩევნებს

ჩიხიდან ყველასთვის კარგი გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის ახალი არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პოლიტპატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ, 23 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

„ჩვენ ხვალ გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტთან. ნუ ვიმარჩიელებთ, რა მოხდება 29-ის შემდეგ. ჯერ 29-მდე არის საკმაოდ დრო. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია საქართველოში არის საქართველოს პრეზიდენტი. იგი არის ამ ქვეყნის მთავარსარდალი, მას ექვემდებარება ჯარი. შესაბამისად, არანაირ არალეგიტიმურ პროცესში ეს ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს. თქვენ ხედავთ, რომ ეს არ არის რუსთაველი. შეიძლება ითქვას, ეს არის მთელი საქართველო. არის დარჩენილი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც, ასე ვთქვათ, დღესაც რჩებიან „ქართული ოცნების“ მომხრეებად და წევრებად, მაგრამ მათ გასაგონად უნდა ვთქვა, როგორ წარმოუდგენიათ მათ ცხოვრება, როდესაც ე.წ. პრემიერი დასანქცირებულია, მინისტრები დასანქცირებულნი არიან, ახლად დანიშნული ვიცე-პრემიერი მაგნიტსკის სიაშია. როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის ფუნქციონირება, როდესაც ე.წ. მთავრობა არ არის აღიარებული არცერთი დემოკრატიული ქვეყნის მიერ. ამიტომ, ეს არის ჩიხი. ამ ჩიხიდან გამოსავალი, ყველასთვის კარგი გამოსავალი არის ერთადერთი. ეს არის ახალი არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტპატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.

„ნუ ვიმსჯელებთ, ათი დღის შემდეგ რა მოხდება. ხვალ იქნება ახალი სიტუაცია, ზეგ იქნება ახალი, მაგრამ ამ დაუოკებელი, თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების ყოველ საღამოს გამოსვლა და ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დამთავრდება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ არ მიიღებს ახალ არჩევნებს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, როგორც თავად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ხვალ შედგება შეხვედრა მასა და ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას შორის, ასევე არასამთავრობო სექტორთან.