მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელიას, როგორც თბილისელი თბილისელ კაცს დაველაპარაკე, ყველა გაჭირვებული ადამიანის, არასწორად დაჩაგრულის გვერდში ვარ, ბავშვობიდან ასე ვიზრდები
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაო რომ გადახდილია, ამაში „ლელოს“ ლომის წილი აქვს შეტანილი.
„ნიკა მელიას გირაოს გადახდა რომ მოხდა, ეს არის ზუსტად ოპოზიციის ნაწილის შედეგი, „ლელოს“ აქვს ლომის წილი მიღებული ამ პროცესში და იცით, გირაოს გარდა, თავდებობის ხელწერილებიც კი ავიღეთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე რევერანსს ვუკეთებთ; ამას იმიტომ ვაკეთებთ, მე რომ შევედი ნიკასთან, პირდაპირ გეტყვით ახლა, არაფერი დასამალი არ არის, როგორც თბილისელი თბილისელ კაცს დაველაპარაკე და ყველა გაჭირვებული ადამიანის, არასწორად დაჩაგრული ადამიანის გვერდში ვარ მე, ბავშვობიდან ასე ვიზრდები“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, როგორც ხაზარაძეს მიაჩნია, ნიკა მელიას გათავისუფლების მერე, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩაებას საპარლამენტო საქმიანობაში, რათა შეიქმნას საგამოძიებო კომისია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.