მამუკა ხაზარაძე - მუქარის წერილთან დაკავშირებით სატელევიზიო საუბარი უნდა დასრულდეს, დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს პროკურატურა
მამუკა ხაზარაძე - მუქარის წერილთან დაკავშირებით სატელევიზიო საუბარი უნდა დასრულდეს, დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს პროკურატურა

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საზტელევიზიო საუბრები უნდა დასრულდეს და დაელოდონ საგამოძიებო უწყებების რეაგირებას.

„მინდა, გადახედოთ ყველა ჩვენს წინა გამოსვლას, ერთი წლის, ორი წლის წინ, ყველგან არის ნათქვამი მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტიდან, სხვადასხვა ტელევიზიაშიც, რომ წერილი იქნა გადმოცემული გახარიას მიერ. საუბარი ეხებოდა, ბადრი ჯაფარიძე იყო თუ არა შუამავალი. ბადრი ჯაფარიძე შუამავალი ვერანაირად ვერ იქნებოდა, მას გადასცეს წერილი, როგორც ადრესატს ჩემთან ერთად. ამით დამთავრდა ეს ყველაფერი.

ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით, რომ დაიწყებოდა ოდესმე გამოძიება, მაგრამ არ დაიწყო რადგანაც, უკვე თემის ნიველირების მცდელობა დავინახეთ, რომ ადამიანებს უბრალოდ საუბარში და სატელევიზიო ინტერვიუებში უნდოდათ ამ თემის გადატანა. პროკურატურაში დიდი ხანია, დევს ინგლისიდან ჩამოტანილი ანაბეჭდები, რომელზეც ასევე არ დაწყებულა გამოძიება. აქ მგონი, ყველაფერი ნათქვამია და ყველა ერთად დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიზებული. ეს არის გამოძიების საკითხი, ამ ინფორმაციის გაჟღერება მოხდა სასამართლოში თუ არ ვცდები 2018 წლის დეკემბერში, შემდეგ – პარლამენტის ტრიბუნიდან. ახლა, გარემოება, ვინ რომელ საათზე შევიდა, ვინ რა უთხრა, არის გამოძიების საკითხი. ამას დავამატეთ ანაბეჭდები, რომელიც პროკურატურაში დევს და დღემდე არავინ გამოიძია, ვისია 20 ანაბეჭდი. ეს სატელევიზიო საუბრები უნდა დასრულდეს და დაველოდოთ საგამოძიებო უწყებას, რომელიც სამი წლის განმავლობაში არის უბრალოდ მკვდარი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.