მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ მთავრობას, დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა, არ უნდა ვიყოთ, ნივრის, ხახვის, პამიდვრის იმპორტზე დამოკიდებული, ეს არის ქვეყნის სირცხვილი
მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ მთავრობას, დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა, არ უნდა ვიყოთ, ნივრის, ხახვის, პამიდვრის იმპორტზე დამოკიდებული, ეს არის ქვეყნის სირცხვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პროგრამის შედგენაში ჩართული იყვნენ უცხოელი პარტნიორები და სპეციალისტები.

„შიდა რესურსებით მოზიდული ექვსი მილიარდი ლარიდან, ერთი მილიარდი უნდა განაწილდეს თითქმის მილიონნახევარ ადამიანზე. არ არის განსხვავება, ადამიანმა დაკარგა სამუშაო, თუ იყო თვითდასაქმებული. ჩვენი გათვლებით სამი თვის განმავლობაში ოჯახი თვეში მიიღებდა 1000 ლარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას სამმილიარდიანი ფონდიც.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, სამმილიარდიანი ფონდი იქნება ინტერესის გარეშე და ყველა ბიზნესს, რომელიც მთლიანობაში არის გაჩერებული, მივცეთ საბრუნი კაპიტალი, რათა შეინარჩუნონ თანამშრომლები. ამ სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ასეთი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნა დიდი სტიმულს აძლევს ეკონომიკას. ჩვენ ხანძრის ჩაქრობის პირობებში ვართ და ეს ხანძარი ისე არ უნდა ჩავაქროთ, რომ დაგვრჩეს დამწვარი სახლი“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა.

„მოვუწოდებ მთავრობას, რომ დარჩა ერთი თვე. დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ, ნივრის, ხახვის, პამიდვრის იმპორტზე დამოკიდებული, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის. ბევრმა ადამიანმა მიაშურა სოფლებს, თავიანთ სავარგულებს. ყველანაირი მეთოდით, ყველანაირი ძალები უნდა იქნას გადასროლილი, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ აღმოუჩინოს დახმარება, რათა ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ. ჩვენ სოფლის მეურნეობაზე სერიოზული და გრძელი ხედვა გვაქვს. მოვუწოდებ მთავრობას, გაითვალისწინოს შიდა რესურსის მიერ მოპოვებული 6-მილიარდიანი პაკეტი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამი მილიარდი არის საგარანტიო თანხა. ამას არ სჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფულის ძებნა. ფული არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ამას სჭირდება კარგი მენეჯმენტი, ხედვა და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მზად ვართ, გავუნაწილოთ მთავრობას, დავეხმაროთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ეს არის ომი და ყველა უნდა ვიყოთ ერთნი ყოველგვარი ამბიციების გარეშე, რადგან ამ ომიდან ჩვენ, ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ გამარჯვებული“, – განაცხადა ხაზარაძემ.