მამუკა ხაზარაძე - მოქალაქეების გადასახადები სააკაშვილისა და ივანიშვილის ამბიციებს ეწირება, ეს ვითარება სასწრაფოდ გამოსასწორებელია  
მამუკა ხაზარაძე - მოქალაქეების გადასახადები სააკაშვილისა და ივანიშვილის ამბიციებს ეწირება, ეს ვითარება სასწრაფოდ გამოსასწორებელია  

მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ საქართველო მათია და ფიქრობენ, თუ რამე კეთდებოდა, გაჩერებულია ან გაკეთდება, დაკავშირებულია ამ ორ პიროვნებასთან, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღეს ორი ძალის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწირება სახელმწიფო ბიუჯეტი.

„დღეს ორი ძალის ხელმძღვანელის – ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის და მეორე მხრივ ერთმმართველი პიროვნების, ივანიშვილის ამბიციებს, მათ დაპირისპირებას ეწირება თითოეული ჩვენგანის ინტერესი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ჩვენი მოქალაქეების გადასახადები. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პოზიციას და ვამბობთ, რომ სახელმწიფო ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა. საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა და დღეს ის ბაყაყების საბუდარად იქცა; პრეზიდენტის სასახლე, რომელიც 500 მილიონ ლარამდე დაჯდა და გაჩერებულია – ჩვენ ვიხდით თანხებს მის შენახვაზე და პრაქტიკულად პარტახდება იქაურობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტია შემოვლითი რკინიგზა. რვა წელი გავიდა და არ არის პასუხი, რა უნდა ეშველოს თანხებს, რომელიც მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღეს და ამ პროექტში ჩადეს.

„რვა წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ განახორციელა 5 მილიონ ლარამდე მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები. კითხვა მაქვს, ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ამხელა გამოყოფილი თანხა ვერ დაიხარჯა. არ შეიქმნა გზები, ხიდები, გვირაბები, რომელიც უნდა შექმნილიყო. რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ. როცა ქუთაისის აეროპორტი არსებობს, ამხელა ნაკადია და აცხადებს, რომ გავაკეთებ რკინიგზას და არ აკეთებს, ეს არის არაკომპეტენტურობის ბრალი. ბოლოს 100 მილიონ ლარამდე მოცულობის დაწყებული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის პატარა ნუსხა იმ არაკომპეტენტურობისა, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეების გადასახადები ეწირება სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაუკმაყოფილებელ ამბიციებს. ეს ვითარება სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

„რას გთავაზობთ ჩვენ – ქუთაისში, პარლამენტის შენობაში მოეწყოს საერთაშორისო საფონდო ბირჟა. გვაქვს მოლაპარაკებები საერთაშორისო ბირჟებთან და ვფიქრობ, რომელიღაც მათგანი შესაძლოა იყოს „ნასდაკი“, „ლონდონის ბირჟა“, შესაძლოა რომელიღაც სხვა ბირჟა და ქუთაისი გავხადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი. ჩვენი გათვლით და იმ ანალოგებით, რომლის მსგავსიც მოხდა სხვა ქვეყნებში, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში კაპიტალბრუნვა ამ ბირჟაზე იქნება 4 მილიარდი დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის დაახლოებით 10-20%-მდე იმ მომავალი ბიუჯეტისა, რომელსაც ჩვენ შევქმნით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გადაიქცეს ჰაბად. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ტვირთები და არა მარტო მგზავრები. ამისთვის საჭიროა ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიც არის „ფედექსი“, „ამაზონი“, „ალიბაბა“ და ა.შ. მათთანაც გვაქვს კონტაქტები დამყარებული და ქუთაისის აეროპორტიდან შეგვიძლია სამი საათის რადიუსის ფრენაში გადავწვდეთ ნახევარი მილიარდი ადამიანის ბაზარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი