მამუკა ხაზარაძე – მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის, უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე და არ დავუთმოთ არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის, უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე და არ დავუთმოთ არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ვინც ადგილობრივ არჩევნებზე არ წავა, ის „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება.
„მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. პროტესტში ვიქნებით ერთად, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ, ნუ იქნებით პასიური დამკვირვებლები. ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი არ განსხვავდება იმ ხალხის მიზნისაგან, ვინც დღეს ბოიკოტშია, ვინც სხვა პოზიციაზეა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც დღეს გვისმენს, რომ უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე და არ დავუთმოთ არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“. ხმამაღლა ვამბობ, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება „ქართულ ოცნებას“. ეს ასეა რადგან, მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კალაძეს. მე არ მინდა, რომ რუსული „ოცნების“ გენერალური მდივანი უკვე მესამე ვადით მართავდეს თბილისს, ეს არის სირცხვილი. არ შეიძლება, ამ ადამიანმა და კლანმა მართოს ასეთი კორუმპირებული მეთოდებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ჯიბესა და ბიუჯეტში ხელები აფათუროს.
როცა ასეთი საკითხები დგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეპარტიული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთვის ის ხელშეკრულება და მემორანდუმი, პარტიასთან, „გახარიას საქართველოსთვის“ გავაფორმეთ. ეს არის პარტიის ზემოთ დადებული მემორანდუმი. ჩვენ აქ სამშობლოზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და პირადი წყენები და ამბები უნდა გადავდოთ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ დღეს ჩვენ გადასარჩენი გვაქვს თბილისი და ის მუნიციპალიტეტები და ქალაქები, რომელიც მოგებული გვაქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.