მამუკა ხაზარაძე - მახინჯ სისტემასთან გვაქვს საქმე, რომელშიც ჩართულია პროკურატურა და ეროვნული ბანკი
მამუკა ხაზარაძე - მახინჯ სისტემასთან გვაქვს საქმე, რომელშიც ჩართულია პროკურატურა და ეროვნული ბანკი

სასამართლო განხილვები დააჩქარეს მხოლოდ იმის გამო, რომ კვირაში ხუთი დღე ხუთი საათის განმავლობაში სასამართლოში ვიყოთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს დაკითხულმა ბრალდების მოწმემ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა.

„ჩვენ მახინჯ სისტემასთან გვაქვს საქმე, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ეროვნული ბანკი, რომელიც ფაბრიკაციას აკეთებს.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ეს საქმე უკვე მეორე წელია გრძელდება კრიმინალური მენტალიტეტის გახარიას ხელშეწყობით და ორგანიზებით, რომელშიც ჩართულია კობა გვენეტაძე, სამარცხვინო ადამიანი, რომელიც არის ეროვნული ბანკის ე.წ. პრეზიდენტი. მან დაასამარა ქართული ვალუტა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, მათი დამქაშები სხვას ვერაფერს იტყვიან, რაც დღეს თქვეს. დაბნეულები, ძირითად კითხვებზე პასუხი აქვთ, რომ „არ ვიცი“. თუ არ იცის, საერთოდ, რამეს როგორ ამოწმებს?! ვერცერთ კითხვაზე მათ ნორმალური პასუხი ვერ გასცეს. სასამართლო განხილვები დააჩქარეს მხოლოდ იმის გამო, რომ კვირაში ოთხი თუ ხუთი დღე ხუთი საათის განმავლობაში სასამართლოში ვიყოთ. ვერაფერი გაგვაჩერებს, ვერც შეგვაშინებს. ჩვენს გზაზე მივდივართ. ეს გზა არის ის ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ამ ჭაობიდან. მე მრცხვენია, რომ 29 წლის განმავლობაში ჩემი ბიზნესმოღვაწეობის დროს მთელი ჩვენი კომპანიები პატიოსნად იხდიდნენ და იხდიან გადასახადებს ასეთი უცოდინარი, პოლიტიკურად ასეთი ანგაჟირებული პროკურორების და ახლა ეროვნული ბანკის ამგვარი წარმომადგენლების ხელფასებისთვის.

გახარია მობრძანდეს პროკურატურაში, მობრძანდეს სასამართლოში და მისცეს იმ წერილზე განმარტებები.

ის კიბერშეტევა, რომელიც „თიბისი ბანკზე“ განხორციელდა დღემდე არა რის გამოძიებული. რა თქმა უნდა, ეს პროკურატურა არ გამოიძიებს. მე გპირდებით, რომ ყველა ეს საკითხი იქნება გამოძიებული და ყველას მიეზღვება საპასუხო სიტყვა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დაიკითხა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.