მამუკა ხაზარაძე - მაგათ ჰგონიათ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებენ
მამუკა ხაზარაძე - მაგათ ჰგონიათ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებენ

მაგათ ჰგონიათ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებენ, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ, სადაც ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადაეცათ.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი. ახლა არ შევუდგები ამ ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას. ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს უკვე პროკურატურა აღარ არის და ამაში ძალიან ბევრი შტოა. ერთხელ ამას ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და ეს გაგრძელებაა ამ ორკესტრის, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და ძალიან ცუდი მუსიკოსები ჰყავს.

მინდა, პირდაპირ გითხრათ, დღევანდელი ბრიფინგი არის ზუსტად გამეორება იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება. დღევანდელი ბრიფინგით მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ ხუთი წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის, 8%-ით დააგდეს „თიბისი ბანკის“ აქციები და ისევ დააზარალეს რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები.

ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება. მაგათ ჰგონიათ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, რომლებიც მინორიტარი აქციონერები არიან „თიბისი ბანკში“. ისინი საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებენ, ინვესტორებს ეუბნებიან – თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.