მამუკა ხაზარაძე - კონგრესმენის განცხადებაში მკაფიოდ არის გაკრიტიკებული პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს
მამუკა ხაზარაძე - კონგრესმენის განცხადებაში მკაფიოდ არის გაკრიტიკებული პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს

ამერიკელი კონგრესმენის მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „ოცნების“ ხელმძღვანელობით არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის ღია წერილს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

„ამერიკელი კონგრესმენის განცხადება ეხება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას და ამ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და კერძოდ ამერიკელი პარტნიორების და სახელმწიფოს მიმართ. ეს განცხადება პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის. ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „ოცნების“ ხელმძღვანელობით არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე. ეს განცხადება მიმართულია გახარიას მიმართ და პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ შეწყვიტოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აქვე არის აღნიშნული, რომ ჩვენს ქვეყანაში განგრძობადი გადახვევა მიმდინარეობს დემოკრატიული ღირებულებებისგან და ჩვენ მომსწრე ვართ, თუ როგორ მიითვისა ერთმა ადამიანმა თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მართავს მას თავისი სურვილისამებრ და არა იმ განწყობით, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა და მართვა ჰქვია. აქვე ნათქვამია „ფეისბუქის“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ ფეისბუქმა დახურა ყველა ის გვერდი, რომელიც პირდაპირ იყო ასოცირებული „ოცნების“ მმართველობასთან, რომელიც დისკრედიტაციას უწევდნენ ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს თუ პირებს. ნათელი მაგალითია ჩვენიც, რასაც ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში ვუყურებთ და რაც ხდება ჩვენს თავს, ეს არის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია. თავიდან დაიწყო „თიბისი ბანკის“ მიმართ, შემდგომ ანაკლიის პროექტის მიმართ და სწორედ ანაკლიის პროექტის გაჩერება და იმ ამერიკელი პარტნიორების მიმართ მტრული დამოკიდებულება, რომელიც ჩვენი პარტნიორები არიან და რომლებმაც ძალიან დიდი გამბედაობით ინვესტიცია განახორციელეს იმ ადგილას, სადაც ოთხ კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას, სწორედ მათ მიმართ დამოკიდებულებაზეა ხაზგასმული ეს განცხადება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ აღარ არსებობენ პირები, რომელბიც დასავლეთისა და აშშ-ის ნდობას იწვევენ.

​„ამასთან, „ოცნების“ რიგები დატოვა ყველა იმ პროდასავლურმა ადამიანმა, რომლითაც ისინი თავიდან ხელისუფლებაში მოვიდნენ. პრაქტიკულად „ოცნებაში“ არ არსებობენ ადამიანები, ვინც ნდობას იწვევს დასავლეთის და აშშ-ის. შესაბამისად, ქვეყნის ეს კურსი არის აბსოლუტურად აცდენილი ჩვენს სახელმწიფოებრივ კურსთან, ეს კურსი არის ბიძინა ივანიშვილის კურსი, რომელიც ვერ ეუბნება უარს თავის პარტნიორებს რუსეთში და კრემლში და შესაბამისად, ქვეყანა მიემართება სხვა მიმართულებით. ჩვენ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ამას შევცვლით. ვგმობთ ამ დამოკიდებულებას, რადგან ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა არ არის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი