მამუკა ხაზარაძე მომხრეა, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმწიკვლო რეპუტაციის მოსამართლეები უცხოეთიდან ჩამოიყვანოს
მამუკა ხაზარაძე მომხრეა, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმწიკვლო რეპუტაციის მოსამართლეები უცხოეთიდან ჩამოიყვანოს

გპირდებით, ჩვენ ამ პროცესს შევცვლით და მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებიან არა სამართალს, არამედ ხელისუფლებას, გავუშვებთ სახლში, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, – აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 ახალი წევრის წარდგენისას გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა სასამართლო სისტემის გათეთრება მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს სასამართლოს ე.წ. გათეთრება, რომელიც ყოველთვის იყო საბჭოთა სისტემა, გადადიოდა ხელიდან ხელში. წინა ხელისუფლებიდან ეს სასამართლო სისტემა გადაიბარა დღევანდელმა ხელისუფლებამ. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, არანაირი ეკონომიკა, მომავალი, არანაირი ინოვაცია და ემიგრანტების უკან დაბრუნება არ იქნება, თუ სასამართლო სისტემა არ იქნა გამჭვირვალე და მართლმსაჯულება არ იქნა აყვანილი ისეთ მაღალ სტანდარტზე, რომელიც ამის საფუძველს შექმნის. ეს არის ილუზია, ფარსი, არალეგიტიმური პროცესი და ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ამ არალეგიტიმური პროცესის მონაწილეა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება გამჭვირვალე სასამართლო სისტემით იწყება და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სუფთა რეპუტაციის მოსამართლეები არ მოიძებნებიან, ის მზად არის, ასეთი კადრები საზღვარგარეთ მოიძიოს.

„ქვეყნის განვითარება იწყება გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის სასამართლო სისტემის დაფუძნებით და თუ ჩვენ არ გვეყოლება ასეთი მოსამართლეები, დროებით ჩამოვიყვანთ ასეთ მოსამართლეებს და ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ უცხოეთში ან აქ უმწიკვლო რეპუტაცია, მივცემთ საშუალებას, მათ შექმნან ასეთი სისტემა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.