მამუკა ხაზარაძე - ეს არის დღევანდელი მთავრობისა და პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან
ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე, როგორც ექვსი თვის წინ, უზარმაზარი ზარალი მიიღო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაზემ განაცხადა საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.
„ჩვენ გამოვცხადდით სასამართლოში, როდესაც მოგვმართეს. მინდა, დავაფიქსირო რამდენიმე ფაქტი, პირველი – პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით „თიბისი ბანკს“ და „ანაკლიას“, რათა იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ეს კომპანიები. ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამ უპასუხისმგებლო აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც მთელს მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს, ორჯერ მოგვიწია გადადგომა. მეორე გადადგომა გუშინ მოხდა და ეს მას შემდეგ, რაც ჩვენ 98 პროცენტით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა.
ამას მოყვა ფაქტი, რომ 5 წუთიანი მასალების გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგვინა მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე, როგორც ექვსი თვის წინ, ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მის თქმით, მედიიდან შეიტყო, რომ პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
„ჩვენ პრესის საშუალებით გავიგეთ, რომ თურმე, მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვსაუბრობ რეპუტაციასა და ნდობაზე და იმ პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, – განცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მათ კანონი არასდროს დაურღვევიათ.
„რაც ბიზნესს ვაკეთებთ კანონი არასდროს დაგვირღვევია“, – აღნიშნა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან სასამართლოში შესვლამდე.