მამუკა ხაზარაძე - ელჩებმა ძალიან აქტიურად უნდა დაიკავონ პოზიცია, რადგან ფასილიტატორობა არ ნიშნავს მარტო ორ მხარეს შორის რაღაც შუამავლობას
მამუკა ხაზარაძე - ელჩებმა ძალიან აქტიურად უნდა დაიკავონ პოზიცია, რადგან ფასილიტატორობა არ ნიშნავს მარტო ორ მხარეს შორის რაღაც შუამავლობას

ელჩების მიერ რაღაც ფორმულა უნდა იქნას შემოთავაზებული, იყო ბევრი დისკუსია, დაიდო ბევრი ფორმულა, სად შეიძლება იყოს გამოსავალი, ამ გამოსავალს და ამ ფორმულას სჭირდება ფასილიტატორების მხარდაჭერაც, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად დღეს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ამიტომ, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ფასილიტატორმა ელჩებმა შექმნილ ვითარებაში აქტიური პოზიცია უნდა დაიკავონ.

„ჩვენ გვინდა კონსტრუქციულად, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მოხდა და მთელმა ქვეყანამ იცის, ვთქვათ, რომ ვნახოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ჩვენი ქვეყნისთვის კი სასარგებლო არ არის არც ერთპარტიული პარლამენტი და არც ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია. ეს მდგომარეობაა, ახლა ვისაც ეყოფა ჭკუა, რომ გამოსავალზე იფიქროს და არ იყოს აქ გულზე მჯიღის ცემა, რომ ბრიფინგებით და რაღაცა მუქარებით ისაუბროს…თუ ეს არის გზა, ეს დააზიანებს ქვეყანას. ამიტომ მოვუწოდებ საკმაოდ სერიოზულად და მე იგივე ვუთხარი ჩვენს ელჩებს, რომ ძალიან აქტიურად უნდა დაიკავონ მათ პოზიცია, რადგან ფასილიტატორობა არ ნიშნავს მარტო ორ მხარეს შორის რაღაცა შუამავლობას.

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა მათ მოთმინებისთვის, მათი პოზიციაც გასაგებია. მათი პოზიცია არის ის, რომ უნდა მოილაპარაკოთ თქვენ, ქართველებმა. იმედია, რომ საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში დადგება ის დღე, რომ ჩვენ ერთმანეთში მოვილაპარაკებთ და არ დაგვჭირდება ამდენი შუამავალი. მაგრამ, რადგან რეალურად ჩვენ ვერ ვისწავლეთ ერთმანეთთან ცივილურად საუბარი და ყოველთვის გვჭირდება ვიღაცა მომლაპარაკებელი, და ეს მენტალობის ბრალიც არის, იმ მემკვიდრეობის ბრალიც, სულ რაღაც დიდი ძმის მოლოდინშია ჩვენი ქვეყანა, რომ ვიღაცამ უნდა მიგვითითოს, ეს კულტურა ჩვენ არ გვაქვს, ამ კულტურასთან უნდა მივიდეთ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდიოდეთ და ასე ვიღებდეთ გადაწყვეტილებას.

ამიტომ, ჩემი შეთავაზება იყო, რომ რაღაცა ფორმულა უნდა იქნას შემოთავაზებული, ბევრი დისკუსია იყო, ბევრი ფორმულა დაიდო, სად შეიძლება იყოს გამოსავალი, ამ გამოსავალს და ამ ფორმულას სჭირდება მხარდაჭერა, ფასილიტატორებისაც. ამიტომ თუ ასეთი მხარდაჭერა იქნება, მაშინ ორივე მხარე დაინახავს, სად დგას ფასილიტატორი და კონკრეტულ რომელ სცენარს უჭერს მხარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ალბათ უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

„რაც შეეხება იმას, როდის იქნება მეხუთე რაუნდი, პირდაპირ გეტყვით, ეს ალბათ უახლოეს საათებში უნდა მოხდეს, ხვალ, ზეგ, თუ მსგავსი რამ არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ კარს ვხურავთ და შემდეგ უბრალოდ კანონმდებლობით იქნება ძალიან რთული, რადგან ბოიკოტი უკვე გადავა ლეგალურად, ანუ ყველა დავწერთ განცხადებებს მანდატების ჩაბარებაზე, ეს იქნება საბოლოო ნაბიჯი, რომ კანონიერად ჩამოვშორდეთ ამას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდიდან არ ავმდგარვართ, ის დაკარგული ერთი კვირა არის დამსახურება ბატონი კობახიძის, რომელმაც სერიოზული მუქარა განახორციელა ოპოზიციის მისამართით და ამ სიტუაციაში შეუძლებელი იყო მოლაპარაკების გაგრძელება. ახლა თუ არსებობს სურვილი, რომ ეს ქვეყანა და ეს მდგომარეობა გამოვიყვანოთ ჩიხიდან, მზაობა არის. ამიტომ მე აქტიურობისკენ მოვუწოდე ჩვენს ელჩებს, ვთხოვე, რომ რაღაც სცენარზე უნდა შევჯერდეთ, თუ ეს შეჯერება არ მოხდა, ვიქნებით იმ სამწუხარო მდგომარეობაში, რაშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.