მამუკა ხაზარაძე - დღეს დავწერეთ მანდატებზე უარის განცხადება, გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი კოალიციის სახელით, სხვა ოპოზიციური პარტნიორები თავად გაგცემენ პასუხს
მამუკა ხაზარაძე - დღეს დავწერეთ მანდატებზე უარის განცხადება, გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი კოალიციის სახელით, სხვა ოპოზიციური პარტნიორები თავად გაგცემენ პასუხს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კოალიციის ყველა არჩეულმა დეპუტატმა პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის განცხადება დაწერა.

ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბერს პრაქტიკულად  გაუქმდა ყველა ის ნორმა, რასაც ჰქვია დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები.

„ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ვიმყოფებით დღეს აქ, რათა გამოვხატოთ პროტესტი, რომ არ ვიყოთ იმ დარბაზში იმ ხალხთან ერთად, ვინც შულერობით, სპეცოპერაციით წაართვა ჩვენს ქვეყანას მომავალი და ჩამოაშორა ევროპულ გზას. თქვენ უკვე მოისმინეთ გუშინ და გუშინწინ ე.წ. ორი ფეხით ევროპაში შესვლის მათეული კონცეფცია, სადაც პირდაპირ ამბობენ, თურმე ევროკავშირი საერთოდ არ არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს ამ პროცედურის საბოლოო აქტს ვაკეთებთ. დღეს ყველა, ასე ვთქვათ, არჩეულმა დეპუტატმა დავწერეთ კონკრეტული განცხადება და ჩავაბარეთ კანცელარიაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით.

„ღრმად ვართ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ამომრჩეველს. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, მაგრამ უფრო ცუდია იმ პარლამენტში ყოფნა, სადაც სხედან გამყალბებლები, მატყუარები და ქვეყნის მოღალატეები. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტნიორებს, თავად გაგცემენ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.