მამუკა ხაზარაძე - დავას საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელებთ, გამოვააშკარავებთ ყველა პოლიტიკოსის, თანამდებობის პირის ქმედებას, ვინც ანაკლიის პროექტს ებრძოდა
მამუკა ხაზარაძე - დავას საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელებთ, გამოვააშკარავებთ ყველა პოლიტიკოსის, თანამდებობის პირის ქმედებას, ვინც ანაკლიის პროექტს ებრძოდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყებას მთავრობის მხრიდან „მომავალთან ხელშეკრულების გაწყვეტას“ უწოდებს და აცხადებს, რომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდება.

„ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში. არ დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირისა და პოლიტიკოსის ქმედებას, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის გეგმაში აღნიშნული თანამდებობის პირების გარდა, სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავის დროს დაასახელებს.

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ. დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება, იმ მთავრობის, რომელიც ვერ აგვარებს ელემენტარულად წყლის  პრობლემას, რომელსაც ქვეყნის მართვის არანაირი უნარი არ გააჩნია ბიძინა ივანიშვილის თამადობით, დაასრულა სპეცოპერაციის პირველი ეტაპი, რომელიც ანაკლიის პორტის გაჩერებას გულისხმობს. ეს სპეცოპერაცია დაწყებულია წელიწადნახევრის წინ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ორკესტრირებული შეტევის შედეგად. საზოგადოება საქმის კურსშია და უყურებდა ამ მთელ დეტექტიურ განვითარებას, წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ მიმართ თავდასხმებს, რომლებიც დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მედიის წარმომადგენლებმა ხაზარაძეს ჰკითხეს, აპირებს თუ არა კონსორციუმი  პირგასამტეხლოს გადახდას, რაზეც ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას პასუხი ჟენევის არბიტრაჟში გაეცემა.

„ჩვენ ამ წერტილს ველოდებოდით. საუბარია 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. ეს იქნება ძალიან სერიოზული დავა, რადგან ისინი წავიდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.