მამუკა ხაზარაძე და ლანა გალდავა ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
მამუკა ხაზარაძე და ლანა გალდავა ისნის მოსახლეობას შეხვდნენ

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ „ლელოს“ „მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის“ გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

„ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ლიდერებმა ისნის მაცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის, ახალგაზრდობის პრობლემებსა და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, ხუთი შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი, როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და ვიღაცამ არ უთხრას, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი „ლელოს“ თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა.

„უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი – სამსახურით, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება, ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა.

იქირავე და გახდი მესაკუთრე – ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას. ჩვენ შემოვიღებთ ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისა და ბაბუებისთვის – ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ მიმართა. „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გალდავამ იმ უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია.

„უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. „ლელო“ დადებს თავისი გამარჯვების ლელოს“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

დატოვე კომენტარი