მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ოფისში კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს შეხვდნენ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ოფისში კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს შეხვდნენ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე იმსჯელეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

ხაზარაძის თქმით, მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ „ლელოს“ პოზიცია სამ პუნქტთან დაკავშირებით უცვლელია და ეთანხმებიან, ხოლო დარჩენილ ორ პუნქტზე დისკუსიები გრძელდება.  როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრა პარტია „ლელოს“ დამოუკიდებლად ჰქონდა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ელჩების შეხვედრა მათ მისვლამდე შედგა.

„შეხვედრა გვქონდა კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან. კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან ჩვენ სამ პუნქტს ვეთანხმებით და იცით ეს. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მინდა, დავადასტურო, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა მოხდეს და ეს გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას. მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. ჩვენამდე იყი შეხვედრა. მე და ბადრის ელჩებთან დამოუკიდებელი შეხვედრა გვქონდა“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრა თითქმის ყოველკვირეულად იმართება და ეს შეხვედრაც ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე ახალი წინადადება პარტნიორების მხრიდან არ ყოფილა, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აშშ-ისა და ევროპის ყურადღების ცენტრშია.

„ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა ელჩებთან პრაქტიკულად ყოველკვირეულად. ეს არის სამუშაო შეხვედრებიდან ერთ-ერთი,სადაც განვიხილავთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. ჩვენ მომავლშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. „ლელო“ ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ისე სხვებთან. სამუშაო შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ახალი წინადადება განიხილება. განვიხილავთ მიმდინარე სიტუაციას და კრიზისიდან გამოსვლის გზებს და ყველაზე კარგი ისაა, რომ ქვეყანა არის ყურადღების ცენტრში აშშ-ისა და ევროპის მხრიდან. „ლელოს“ პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ოფისი უკომენტაროდ დატოვა.