მამუკა ხაზარაძე - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქალზე და მის სიძლიერეზე, სწორედ ამიტომ, „ლელოს“ პრიორიტეტია ქალების მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა დარგში
მამუკა ხაზარაძე - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქალზე და მის სიძლიერეზე, სწორედ ამიტომ, „ლელოს“ პრიორიტეტია ქალების მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა დარგში

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გორში მცხოვრებ და დასაქმებულ მეწარმე ქალებს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ მათთან ერთად ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ სფეროში მომუშავე ქალებთან ერთად ის პრობლემები განიხილა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. შეხვედრას ემიგრანტი ქალებიც ესწრებოდნენ.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქალზე და მის სიძლიერეზე. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ემიგრანტმა ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალები საკუთარ ქვეყანაში დავაბრუნოთ. ამისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ ეკონომიკურად. საქართველოში ქალის უფლებები და მისი პოზიციონირება აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს აყვანილი და ეს იქნება „ლელოს“ პრიორიტეტი, რადგან ქალთა პოლიტიკური აქტივობა და მაქსიმალურად ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა დეტალურად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომელიც ადგილობრივებს აინტერესებდათ და აწუხებდათ და შეკრებილებს პარტიის ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო ქალთა აქტიურ ჩართულობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა პერსონალის კუთხით დანახულ მუნიციპალურ პრობლემებზე.

„აუცილებელია, ყველანი იდეის დონეზე გავერთიანდეთ და ეს იდეა არის ჩვენი ქვეყანა და მისი კეთილდღეობა. 2020 გვაძლევს იმის შანსს, რომ პოლიტიკურად ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, რადგან ამ სისტემის ქვეშ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში მთავარ ეკონომიკურ ძალად უნდა გადაიქცეს.

„აუცილებელია საგარეო პოლიტიკაში ჩვენი დიპლომატიის გაძლიერება, რათა მოვახერხოთ განვითარება, რომელსაც ყველა ჩვენგანი იგრძნობს. „ლელოს“ მიზანია, საქართველო კავკასიაში და რეგიონში წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნად გადაიქცეს; ასევე, მედიცინის მიმართულებით უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად აქვს ეს პოტენციალი“, -განაცხადა ხაზარაძემ.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი