მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვეთანხმებით სამ საკითხს, რაც რეფორმებს ეხება, ვფიქრობ, უახლოეს ხანში მივუბრუნდებით ვადამდელი არჩევნების თემას
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვეთანხმებით სამ საკითხს, რაც რეფორმებს ეხება, ვფიქრობ, უახლოეს ხანში მივუბრუნდებით ვადამდელი არჩევნების თემას

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციამ ერთხმად დააფიქსირა თანხმობა სამ საკითხთან დაკავშირებით და მზადაა, მედიატორთან გააგრძელოს საუბარი დარჩენილ საკითხზე.

მისივე განმარტებით, სამი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ეთანხმება, რეფორმებს ეხება. ამასთან, ხაზარაძე ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნების თემას უახლოეს ხანში მიუბრუნდებიან.

„როგორც ნახეთ, ხუთ საკითხიანი დოკუმენტი იყო, საიდანაც სამს დავეთანხმეთ. ეს არის მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის რეფორმა, გადანაწილება პარლამენტში, დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების თემა, ანუ ამნისტიის თემა. ვფიქრობ, აქ წავიწიეთ წინ და ჩემი აზრით, პატარა ტექნიკური საკითხებია დასამთავრებელი, თუ ხელისუფლების ნება იქნება.

რაც არ განგვიხილავს, უბრალოდ არ იყო ეს საკითხი ასახული ისე, როგორც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირები იყო ჩანაწერი – შესაძლო საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები, ან პლებისციტი, ეს საკითხი გაშლილი არ არის. ბოლოს დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის, რადგან ხუთი საკითხიდან სამი საკითხი შეთანხმებულია. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამ თემასთან დაკავშირებით ის გააგრძელებს კონსულტაციას პრეზიდენტ მიშელთან.

მე ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმის მედიატორს, რომ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა და ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყნის გადატვირთვის დემოკრატიული გზა არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტის ჩატარება, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადაწყვეტენ, სჭირდებათ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნები. მე ვფიქრობ, ეს საკითხი ბოლოსკენ არის მოტოვებული, რადგან პირველი საკითხები დიდი დოკუმენტია. პირველი საკითხები რადგანაც შეთანხმდა ჩვენი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ ჩვენ ვეთანხმებით სამ ძირითად საკითხს, რაც რეფორმებს ეხება, მე ვფიქრობ, უახლოეს ხანში მივუბრუნდებით ვადამდელი არჩევნების თემას.

„ოცნების“ პოზიცია იყო გასაკვირი, რადგან მე ვერ გავიგე კონკრეტული პასუხი, ეთანხმებიან თუ არა დოკუმენტს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ ეთანხმებიან და უნდათ ისრების გადმოტანა ოპოზიციისკენ. ოპოზიციამ ერთხმად დააფიქსირა სამ საკითხზე მზაობა და თანხმობა. მზად არის, რომ გააგრძელოს შემდგომი საუბრები მედიატორთან დარჩენილ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.