მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მოვალთ და დავაკომპლექტებთ მთავრობას
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მოვალთ და დავაკომპლექტებთ მთავრობას

ჩვენ მოვალთ და დავაკომპლექტებთ მთავრობას, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„დიახ, ჩვენ ვაპირებთ მოგებას. სწორედ იმიტომ, რომ ეს მოღალატეობრივი მთავრობა ხელისუფლებიდან გავუშვათ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საფუძველი აქვს მის ამ განცხადებას, რომ „ლელო“ არჩევნებს მოიგებს, არსებობს თუ არა კვლევა და ჰყავს თუ არა „ლელოს“ დაქირავებული პოლიტტექნოლოგი, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მათ შორის, კვლევებიც აქვთ და ძალიან ბევრი კონსულტანტიც ჰყავთ, ვინც ძალიან კარგად იცის ადგილობრივი სიტუაცია და „ლელოს“ ძალიან სერიოზულ პერსპექტივებს უსახავენ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე რამდენად შესრულებადია მისია, რომ შეიქმნას მიზიდულობის ცენტრი მათთვის, ვისაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს მისია შესრულებადია.

„თუ შიდა კონსტრუქცია გაინტერესებთ, რა მოხდება, მაგას გაიგებთ ყრილობაზე, ამ კვირის ბოლოს. ჩვენი მოსახლეობა და ყველა დაინტერესებული მხარე გაიგებს, რა კონსტრუქციით და როგორ ვაპირებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეკითხვაზე, რა უნდა გამჟღავნდეს ყრილობაზე და როგორი იქნება ახალი გაერთიანების სტრუქტურა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სჯობს, ყველამ ერთად გაიგოს, რა სტრუქტურა იქნება პარტიაში, ვინ იქნება და ასე შემდეგ.

„უბრალოდ, ერთს ვიტყვი – არა თუ საქართველოში, ევროპაში აღარ ხდება მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგების გაყოფა და საქართველო ახლა იმხელა პრობლემების წინაშე დგას, რომ მთავარია, ჩვენ გავერთიანდეთ. ეს გაერთიანება უნდა მოხდეს ეროვნული იდეის გარშემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.