მამუკა ხაზარაძე - ჩემი მოწოდებაა, ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ, მერობის კანდიდატი უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების მიერ შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც გრიალით გავიყვანთ
მამუკა ხაზარაძე - ჩემი მოწოდებაა, ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ, მერობის კანდიდატი უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების მიერ შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც გრიალით გავიყვანთ

ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო-ეროვნულ, სახალხო რეფერენდუმად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა.

„12 წელია, ეს ადამიანები ვერ მოვიშორეთ. რატომ? იმიტომ, რომ შეცდომებს ვუშვებთ, ემოციას ვართ აყოლილი, არ მიმდინარეობს მსჯელობა, არგუმენტები, არ მიმდინარეობს დისციპლინირებული მუშაობა. ერთს ამბობენ და მეორე შემთხვევაში სხვა რაღაც კეთდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთობა. ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო-ეროვნულ, სახალხო რეფერენდუმად. უნდა ჩავიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ საკრებულოსთვის კი არ ვიბრძვით, არამედ დიდი ფუნდამენტის ასაშენებლად, ქართული და ევროპული ფუნდამენტის ასაშენებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, – „თუ გახვალთ არჩევნებზე, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, თქვენ იქნებით?“ – ხაზარაძემ აღნიშნა:

„ეს უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების მიერ შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ჩვენ გრიალით გავიყვანთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, „დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ გაერთიანებაში, დიალოგში, ემოციების გარეშე კარგად აწონ-დაწონაში“.

„მე მინდა, რომ მსჯელობა გაიხსნას. ჩვენს პარტიაში ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში და ამან უნდა დაანგრიოს რაღაც. ჩვენ შევხვდებით არა მარტო პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, საერთო ბრძოლის მოსაგებად რატომ სჯობს ბოიკოტი ან სხვა ტაქტიკა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.

„ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ისინი როგორც კი დაინახავენ, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ეგრეთ წოდებულ ბოიკოტს, ჩვენს ჯარს – ეს არის ჯარი, პოლიტიკური ბრძოლაა – აქტივს მთელი საქართველოს მასშტაბით ვეტყვით, რომ არ შევდივართ ამ ბრძოლაში, ჩაატარებენ სანიმუშო არჩევნებს. კალანდარიშვილსაც მოხსნიან და დანიშნავენ ერთ-ერთ ლამაზ, ბუნჩულა ადამიანს, ისევე როგორც მოხსნეს ყველა დასანქცირებული ადამიანი, რადგან ფასადი შეცვალეს. თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი ძალებით არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს, ჩვენ გვექნება ასეთი სურათი: ლეგიტიმაციას აიღებს ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ბრძოლაშია.

„მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს გადავაბარო ქალაქი თბილისი. არ მინდა, რომ ეს კორუფცია გაგრძელდეს. ეს არ არის საკრებულოების არჩევა. ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. მოვისმინე პოლიტიკოსებისგან, ხალხს ვუთხრათ, არჩევნებზე არ გამოხვიდეო, პირიქით უნდა ვუთხრათ: შენი შვილი, ბიძაშვილი რომ გალახეს და რუსთაველზე ვერ ჩამოხვედი, ვერ გამოხატე, სოციალური დახმარების მოხსნა ან სამსახურიდან გაგდება რომ გემუქრება, შენ გაქვს საშუალება, დიდი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მთელი რეგიონი, მთელი საქართველო მოვიაროთ ფეხდაფეხ და ვუთხრათ, რომ შენს ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი მთელი საუბრის პათოსი არის ერთობაზე. არ ვამბობ, რომ „ლელო“ გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.