მამუკა ხაზარაძე - ჩემი და ჯაფარიძის დაჭერა ცხრა წლით უნდოდათ, არ გამოუვიდათ, ვიბრძოლეთ, სასამართლოს არ დავემალეთ, სამართლოში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა, მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა და როდესაც მოვა ეს დრო, დაე, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან პროცესს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, არ გამოუვიდათ მისი და ბადრი ჯაფარიძის 9 წლით ციხეში გაშვება, რადგან იბრძოლეს და სასამართლოს არ დაემალნენ.
„ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავედი, არ გამოვცხადდი და პროტესტი გამოვუცხადე ე.წ. კომისიას, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. კომისიას. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ ციხეში უფრო სწრაფად შევიდე. ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა, მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა და როდესაც მოვა ეს დრო, დაე, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ჩემი და ჯაფარიძის დაჭერა ცხრა წლით უნდოდათ. არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ, არ დავემალეთ სასამართლოს, ვიარეთ ბოლომდე და ამ უსამართლო მურუსიძის და ბიძინას რუსულ სამართლოში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.