მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ მარშალის გეგმით, ბიუჯეტში ჩაიდება, რომ ახალგაზრდების მიერ პირველი ბინის შეძენისას, სახელმწიფო თანადამფინანსებელი იქნება
მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ მარშალის გეგმით, ბიუჯეტში ჩაიდება, რომ ახალგაზრდების მიერ პირველი ბინის შეძენისას, სახელმწიფო თანადამფინანსებელი იქნება

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ახალგაზრდების დახმარებასა და მევახშეობის საკითხს ეხებოდა.

ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ მიერ შემუშავებული „მარშალის გეგმის“ თანახმად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა ახალგაზრდას დასაქმებასა და ბინის შეძენაში დაეხმარება.

„ჩვენი მარშალის გეგმით, ძალიან სერიოზული აქცენტი გვაქვს გაკეთებული ახალგაზრდებსა და ახალგაზრდა ოჯახებზე. მე მგონი, დღეს იმის ახსნა არ არის საჭირო, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა მძიმეა. მომავალი თაობა თუ არ გვეყოლება ძლიერად, თუ ახალგაზრდები არ იქნებიან მოტივირებული, შექმნან ოჯახები და გამრავლდნენ, მგონი, ყველაფერს აზრი ეკარგება.

შესაბამისად, ჩვენ დათვლილი გვაქვს და ბიუჯეტში იქნება ჩადებული, რომ 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის გამოვა სპეციალური ბარათი, რომელიც იქნება საკამოდ შეღავათიანი სატრანსპორტო გადაადგილებისთვის და ასევე, გვაქვს რამდენიმე ინიციატივა: პირველი – ეს არის ანაზღაურებადი დასაქმების ექვსთვიანი შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდისთვის, რომელიც დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და 40 კვ.მ. ფართობის პირველი ბინა ახალგაზრდებისთვის, რომლის თანადამფინანსებელი იქნება სახელმწიფო. აი, ეს არის ის კონკრეტული პროგრამები, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს გაუჩენს იმედს, შესაძლებლობას, შექმნან ოჯახი და ჰქონდეთ პირველი სამსახური“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება მევახშეობას, ხაზარაძის თქმით, ეს კანონით უნდა აიკრძალოს.

„რაც შეეხება მევახშეების საკითხს, ყველა ევროპულ ქვეყანაში კერძო იპოთეკარების საქმიანობა კანონით არის აკრძალული. ყველაფერს, სადაც საფინანსო პოლიტიკაა, სჭირდება მკაცრი რეგულაცია. დღეს რაც ხდება ქართულ ეკონომიკაში, ის აღვირახსნილი თავდასხმები იმ სისტემაზე, რომელზეც დგას მთელი ჩვენი ქართული ეკონომიკა, იწვევს ლარის გაუფასურებას. ამ ხელისფლების მხრიდან ეს არის სწორედ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ჩვენი ეკონომიკა დგას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი