მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად, ამას მე შევასრულებ
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად, ამას მე შევასრულებ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დასრულდა.

როგორც ხაზარაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს, რა გზით მოხდა ფულის გათეთრება.

„ვერანაირად ახსნეს, სად მოხდა ფულის გათეთრება. როცა საბანკო ოპერაციები ხორციელდება, მაშინ პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც ისინი ამტკიცებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გადარიცხვა, კონვერტაცია, საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა აიკრძალოს და დაიხუროს საფინანსო ოპერაციები. რასაც ამტკიცებენ აბსურდის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ. დაგპირდით ყველას, რომ ამ სისტემას აუცილებლად შევცვლი ერთ წელიწადში, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, საქმის აბსურდულობასთან ერთად, დღევანდელმა პროცესმა აჩვენა განათლების პრობლემაც.

„გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურში და სასამართლოში ხდება აბსოლუტური უკანონობა, დავინახე კიდევ ერთი რამ – ეს არის პროკურორების უცოდინრობა, გაუნათლებლობა. ძალიან დავფიქრდი იმ მდგომარეობაზე, თუ ასეთი განათლების დონე გვაქვს, ასეთ სპეციალისტებს უშვებენ [ყველაზე არ მაქვს საუბარი] ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები და საგანმანათლებლო სისტემა, კიდევ უფრო მეტად შემეშინდა ჩვენი მომავლის, აქ აღარ გვაქვს საუბარი უსამართლობაზე, დავალების შესრულებაზე, აქ გვაქვს ელემენტარული არცოდნა ტერმინების და ისეთი რაღაცების, რაც უნდა იცოდეს მეხუთე, მეშვიდე, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი ამის გამო. ქვეყანა არის გადასარჩენი –  განათლება, განათლება და განათლება, ზოგადი და კონკრეტულად სპეციალიზაციას რაც შეეხება”,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.