მამუკა ხაზარაძე - არ გამოგივათ არაფერი, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყავს მეგობრები, ჩვენ კი, საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს
მამუკა ხაზარაძე - არ გამოგივათ არაფერი, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყავს მეგობრები, ჩვენ კი, საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს

ჩვენ საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ, რეალობა და ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებას ძალიან შეეშინდა, რადგან უკვე ერთი წელია, ის სამსახურები, რომლის ხელფასებსაც ბიზნესმენები იხდიან, გამოყენებულია მათი პოლიტიკური დევნისთვის.

„ეს არის შიშის, დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია. გავაგრძელებთ ამას ყველაფერს. იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, იმ ადგილობრივ, უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, საბანკო კრედიტებს ვერ მოვემსახურებით, რომლითაც დღემდე ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი, რადგან საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია, რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს. ისინი ბოლო დღეების განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა ის კურსი, რომელიც ავიღეთ და შევპირდით ქართველ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს,  რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს.