მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ საპარლამენტო გუნდისა და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს იწყებს
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ახალი კამპანია – „ერთ-ერთი შენგანი პარლამენტში“ წარადგინა. ხაზარაძის თქმით, „ლელო“ იწყებს საპარლამენტო გუნდისა და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს. ხაზარაძის თქმით, მათი მიზანი ახალი, კვალიფიციური და კომპეტენტური სახეების პოვნა და მათი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობაა.
„ჩვენი ახალი კამპანიის ფარგლებში ვიწყებთ ჩვენი გუნდის ფორმირებას საზოგადოებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პროფესიონალი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საპარლამენტო სია და გვყავს ასეთივე გუნდი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად დავაკომპლექტოთ გუნდი, რომელიც იქნება თითოეული თქვენგანის ხმა პარლამენტში.
ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ 30 000 მხარდამჭერისა და პარტიის წევრის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად დიდი ინტერესი მოჰყვა კამპანიას და გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იქნას გათვალისწინებული.
ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. ამისათვის გვაქვს შემოთავაზებული სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები. ჩვენი ვებგვერდი არის ჩვენი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი, ამავე დროს, გვექნება საშუალება, რეგიონული ოფისების საშუალებით ფიზიკურად და პირისპირ შეგხვდეთ ყველას“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ბრიფინგის დროს ის ახალგაზრდები წარადგინა, რომლებიც „ლელოს“ თავიანთი სურვილით შეუერთდნენ და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაში „ლელოს“ ცნობადობის ამაღლებისთვის იმუშავებენ.