მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ არ გათავისუფლდებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ არ გათავისუფლდებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა

კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელსაც კრისტიან დანიაელსონი შეხვედრაზე წარადგენს, ექვსი პუნქტისგან შედგება.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: ევროპის და მისი პირველი პირების ასეთი დონის ჩართულობა საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. იმედი მაქვს, შეჯერებული დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი. იცით, რომ ეს დოკუმენტი შედგება ექვსი პუნქტისგან. მთავარი პუნქტებია პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და მასთან მისასვლელი გზები, რაც ყველაზე მთავარია, ის რეფორმები, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას: მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა და ა.შ. ეს საკითხები და მათი მონიტორინგი თუ არ იქნა გაწერილი, მაშინ ამ დოკუმენტს არანაირი აზრი არ ექნება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა აძლევს მას ოპტიმიზმის საფუძველს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარს აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ წინასწარ ამის კომენტირებისგან თავს შეიკავებს.

„განცხადებები ბევრი მოგვისმენია. წინასწარ კომენტარს არ გავაკეთებ, მაინც მინდა, დოკუმენტი ვნახო. „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ქვეყანა უნდა ავაშენოთ. „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხედვა, გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები, როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ამიტომ მე მათ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მე მაინც დაველოდები დოკუმენტს, რომელიც ახლა ყველამ ერთად უნდა ვნახოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს, თუ არ გათავისუფლდებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა, ასევე თუ არ იქნება ჩადებული ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არც ერთ ხელისუფლებას ადამიანებით ვაჭრობა არ შეეძლოს.

რაც შეეხება სანქციების შესაძლო დაწესებაზე დასმულ კითხვას, ხაზარაძემ უპასუხა, რომ მიუხედავად მმართველი გუნდისადმი მისი დამოკიდებულებისა, სანქციების მომხრე არ არის.

„მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის მიმართ, არ ვარ მომხრე, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს, მაინც მგონია, რომ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ალბათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ნაბიჯს გადადგამენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ