მამუკა კაციტაძე - მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამისთვის ვიბრძვი, განცდა მაქვს, რომ რაღაც ძალიან დიდი გაკეთდა
მამუკა კაციტაძე - მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამისთვის ვიბრძვი, განცდა მაქვს, რომ რაღაც ძალიან დიდი გაკეთდა

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, 30 წელია, ამისთვის ვიბრძვი და განცდა მაქვს, რომ რაღაც ძალიან დიდი გაკეთდა, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.

ამასთან, კაციტაძის შეფასებით ეს დიდი ბრძოლის შედეგია.

„ძალინ გთხოვთ, რომ ამას ნუ დაარქმევთ ნურც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას და ნურც „ქართული ოცნების“ ძღვენს. ეს არის დიდი ბრძოლის შედეგი, ბოლოს მიღებული გონივრული გადაწყვეტილებით ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ეს იძულებით, ზეწოლის შედეგად მიიღო. ეს ზეწოლა მხოლოდ პოლიტიკური არ იყო. ეს იყო სამოქალაქო, ის ახალგაზრდული ზეწოლა, რაც ბოლო დღეებში მოხდა“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის კარის, სივრცის გახსნა მრავალპარტიული პლურალისტური პოლიტიკისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია.

„შუის გაკრეფამ არ გაამართლა, ახლა შუის მოკრების დროა. ახლა ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, სადაც ყველა ტიპის აზრი იქნება გათვალისწინებული პარლამენტის დონეზე და ჩვენ ვისწავლით თანამშრომლობას, რაც საქართველოს ამ დრომდე არ შეეძლო და არ ეხებოდა. პოლიტიკოსები გაუცხოებული იყვნენ თანამშრომლობისადმი. ახლა ეს ყველაფერი უფრო მწყობრად მოხდება. ეს არის პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯი, არის ბრძოლის შედეგი და არა ვინმეს ძღვენი“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.