საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკ-ში გადასვლას გამოეხმაურა. გორგოძემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ქართველი კალათბურთელის ფოტო გამოაქვეყნა და თოკოს ახალ კლუბში წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ტრანსფერმა საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლით უკმაყოფილო დარჩა. შენგელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ეროვნულმა კალათბურთის ფედერაციამ. დღეს კი, როგორც ცნობილია, ეროვნული ნაკრების კალათბურთელები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის „ცეესკაში“ გააგრძელებს. რუსულმა კლუბმა 28 წლის ქართველ, მძიმე ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელიას ესპანურ „ბასკონიასთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის საკუთარ რიგებში გადმოსაყვანად ყველაფერის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.