მილტონ ჰეიგი - მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი და საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ინფორმაცია საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის დაბრუნების შესახებ დღეს რამდენიმე წყარომ, მათ შორის მორაგბე ლევან ჩილაჩავამ გაავრცელა, თუმცა ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება მოგვიანებით წაშალა.
„ამ ეტაპზე მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ვერ დავადასტურებ. ჩვენ მასთან ამის შესახებ ბევრჯერ გვქონია საუბარი. მას ცუცქირიძის ტრავმის შემდეგაც დავუკავშირდით, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ საბოლოო შემადგენლობაზე ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ იმსჯელებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა.
შეგახსენებთ ასევე, რომ ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რის გამოც ხვალ, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩში, ჩვენს გუნდს კარიერაში პირველად მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.