მამუკა გონგაძე - დროა, დროშა აღქმული იყოს როგორც სიმბოლო, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა
მამუკა გონგაძე - დროა, დროშა აღქმული იყოს როგორც სიმბოლო, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა

საქართველოს დროშის გადმოფენა არის აქტი, რომელიც ერთობას გაუსვამს ხაზს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო გერბის ავტორმა, მამუკა გონგაძემ განუცხადა.

„ის, რომ 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა, კანონით არის გაწერილი. გვსურს, საფუძველი ჩავუყაროთ ამ დღესასწაულის აღნიშვნას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გადმოფინონ დროშები. დროშა ჩვენთან დამკვიდრებულია, როგორც პროტესტის სიმბოლო. ეს დატვირთვა დროშამ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს მიიღო. დროა, დროშა აღქმული იყოს, არა როგორც პროტესტის, არამედ სახელმწიფოს სიმბოლო ანუ სიმბოლო, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა. ესაა აღნიშვნა იმ ოჯახის, იმ ქვეყნის, სადაც ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ. მისი გადმოფენა არის აქტი, რომელიც ერთობას გაუსვამს ხაზს. გვსურს, ამ ტრადიციას ჩავუყაროთ საფუძველი“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ​საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდა, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე ხვალ სახელმწიფო დროშები აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ.

დატოვე კომენტარი