მამუკა გიორგაძე - ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად ხდება დესტაბილიზაციის წყარო
მამუკა გიორგაძე - ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად ხდება დესტაბილიზაციის წყარო

ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად, თავად ხდება დესტაბილიზაციის წყარო, – ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, არსად არ მიდიან, წარმომადგენლების გარეშე ქუჩაში რჩებიან და ბუნებრივია, ეს დესტაბილიზაციის წყაროა“, – განაცხადა გიორგაძემ.

მისი თქმით, არჩევნები კაცობრიობამ იმისთვის მოიგონა, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები ხელისუფლებაში მაქსიმალურად ასახულიყო, პროცესები დარბაზში განვითარებულიყო და არა ქუჩაში, ველური დაპირისპირების გზით.

„არჩევნები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ შექმნას ხელისუფლება, ძალაუფლების მქონე ადამიანები აკონტროლოს და მოსახლეობის განწყობა მაქსიმალურად ასახოს. საკმარისია, ეს წონასწორობა დაირღვეს და აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და ქაოსი“, – განაცხადა გიორგაძემ.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, აბსურდულია იმაზე დავა, რომ პროპორციული სისტემა უფრო დიდი რისკია, ვიდრე მაჟორიტარული, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნები თავისი არსით პარტიულია.

„იმ ქვეყნებში, რომლებზეც საუბრობენ და რისკის მაგალითად მოჰყავთ, ისრაელში არჩევნები ზედიზედ რომ ტარდება, რა, ისრაელის არსებობას ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნა?! ან თუნდაც, ბელგიაში, სადაც მთავრობა ცხრა თვე არ იყო, ამის გამო რამე განსაკუთრებული მოხდა?! არა! იმიტომ, რომ იქ ინსტიტუტები მუშაობს, ჩვენთან კი სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტები არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ჩამოყალიბდა. ჩვენ დღეს პარლამენტი არ გვაქვს, რადგან ფაქტობრივად, პარლამენტი პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არ არის“, – განაცხადა გიორგაძემ.

„სახალხო პარტიის“ ლიდერის თქმით, დღეს ფაქტობრივად, არ არის ფორმატი, სადაც პოლიტიკური დისკუსიების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღიარებს. დამისახელეთ თუნდაც, ერთი პროექტი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პოლიტიკური ჯგუფი, სხვა ხედვის ადამიანი მიიწვია და დისკუსია გამართა. აქ რომ არის ეს დისკუსია, ეს პირველი არხის დამსახურებაა და მადლობა გიორგი გვიმრაძეს, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ არის ხოლმე“, – განაცხადა გიორგაძემ.

გიორგაძემ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, „სახალხო პარტია“ პროპორციულ არჩევნებს ემხრობა, მათთვის უფრო მთავარი საარჩევნო კანონმდებლობაა, რადგან მასში ისეთი ნაღმებია ჩადებული, რომ ობიექტური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

„თუნდაც, ამომრჩეველთა სია. რა, მოვრჩით მის დაზუსტებას?! არა! ჩვენ დღეს არ გვაქვს ამომრჩეველთა სია. მეორე საკითხი ის არის, რომ როდესაც საარჩევნო სია და აღწერის შედეგები 800 000 კაცითაა განსხვავებული, ეს საფრთხეა და ა.შ“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა არჩევნებამდე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას, მამუკა გიორგაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე თავისი ნებით არ წავა, მაგრამ უნდა შეიკრიბოს ადამიანთა ჯანსაღი სპექტრი, რომელიც ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას აიძულებს.

დატოვე კომენტარი