მამუკა გამყრელიძე - „ქართული ოცნება“ რაც მოვიდა, რაღაცები გაუმჯობესდა, თავისუფლად ვსუნთქავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩანერგილი იყო შიში, იყო წნეხი პრესაზეც
მამუკა გამყრელიძე - „ქართული ოცნება“ რაც მოვიდა, რაღაცები გაუმჯობესდა, თავისუფლად ვსუნთქავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩანერგილი იყო შიში, იყო წნეხი პრესაზეც

შორს ვარ აზრისგან, რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა, რაც  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა, რაღაცები გაუმჯობესდა, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, თავისუფლად ვსუნთქავთ, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, 2011-2013 წლებში ჩინეთში საქართველოს ელჩმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო როგორც მოსმენების შიში, ასევე წნეხი პრესაზე.

„ჩემთვის მიუღებელია ერთადერთი – დემოკრატიული პროცესის არგაგრძელება. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა წავიდეთ წინ. ხელისუფლების ყოველი ახალი ცვლილება რაღაც სიკეთით უნდა მთავრდებოდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა, რაც „ნაციონალები“ წავიდნენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა. მაგალითად, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, ეს უდავოა. იძახიან – თავისუფლად ვსუნთქავთ, მართლა ასეა. მე არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგალითად, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო სამეგობროში, ჩანერგილი იყო შიში. სიმართლე გითხრათ, მე დიდი საფრთხის შეგრძნებით არ გამოვირჩევი საზოგადოდ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ვარ, მაგრამ იყო ასეთი პრობლემა. იყო წნეხი პრესაზეც, მე მქონდა ახლო კავშირი მედიასთან და, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად ვიცი. იყო ასეთი – ჩვენიანია, არ არის ჩვენიანი, რას შვება, როგორ შვება, ეს იყო, ამის უარყოფა არ შეიძლება. ეს ახლა ნამდვილად აღარ არის, განსხვავებული აზრის გამოთქმა ბევრად უფრო მარტივია. მაგრამ მეორე საკითხია ის არაპროფესიონალიზმი, რაც ახლა სუფევს ქვეყანაში, ასეთი ნამდვილად არ იყო. პირიქით, კადრები ირჩეოდა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის მიხედვით“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.