მამუკა გამყრელიძე - პოლიტიკურ ველზე მრავალფეროვნებას უნდა ვხედავდეთ, თუმცა ამას ხელს უშლის დაპირისპირება
მამუკა გამყრელიძე - პოლიტიკურ ველზე მრავალფეროვნებას უნდა ვხედავდეთ, თუმცა ამას ხელს უშლის დაპირისპირება

ამ ეტაპზე, მესამე ძალა არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამას ცდილობს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მამუკა გამყრელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ უსუფაშვილის რაღაცნაირად ამოწევას, იგივე ელისაშვილის, რომლის საზღვარგარეთ ვოიაჟსაც უახლოეს პერიოდში ვიხილავთ და ა.შ. გამოდის, ეს ყველაფერი ხელისუფლებიდან მოდის. ჩვენ იქიდან უფრო ვიგებთ ჭორებს, რადგან მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, მერე, ჩვენ იქიდან ვიღებთ ინფორმაციას და ა.შ. ეს ძალიან მაგონებს ქდმ-ს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გადაცემაში სტუმრად მყოფი კრიზის მენეჯერის, სოფო ხორგუანის შეკითხვაზე, ვინ ქმნის მესამე ძალას და ვინ შემოიყვანა ალეკო ელისაშვილი, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამდენი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ ალბათ, იმან, ვინც დააფინანსა. 

„ვერ გეტყვით, ამას ვინ ქმნის, მაგრამ ვიღაც ხომ აფინანსებს?! თქვენ ხომ იცით, როგორ არის, რომ დაფინანსების გარეშე შეუძლებელია, რამე შეიქმნას და თან ძალიან დიდი დაფინანსებაა საჭირო. მითუმეტეს, ალეკო ელისაშვილს ამწუთას, სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს. მას არ აქვს პარტია, რომელიც მთავრობიდან ფინანსდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ხალხი შუაზეა გახლეჩილი, რადგან ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი.

„ხალხი ახლა, შუაზეა გახლეჩილი. ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი დგას, მეორე მხრივ კი – მიხეილ სააკაშვილი და ესეც ძალიან ხელოვნურად ჩანს. ყოველ შემთხვევაში, მედიაში ასე ჩანს. მიდის დაპირისპირება – აი, ასეთი ცუდია სააკაშვილი, ასეთი ცუდია ივანიშვილი, ან პირიქით. ეს კატასტროფული სიტუაციაა პოლიტიკური ველისთვის, რადგან პოლიტიკურ ველზე მრავალფეროვნებას უნდა ვხედავდეთ. ამ მრავალფეროვნებას კი, ხელს სწორედ ეს დაპირისპირება უშლის“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.