მამუკა გამყრელიძე - გადაწყვეტილებებს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა და შემდეგ აცნობდნენ ბლოკის სხვა წევრებს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო
მამუკა გამყრელიძე - გადაწყვეტილებებს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა და შემდეგ აცნობდნენ ბლოკის სხვა წევრებს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო

გრიგოლ ვაშაძეს მხარს ვუჭერ განცხადების იმ ნაწილში, რომელიც ეხება უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პარტიის, ოპოზიციის მხარდამჭერებში. ეს არაფრის მომტანი არ არის, პირიქით, ცუდია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლასთან დაკავშრებით განაცხადა.

მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძის წასვლა სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ვისაც ცოტა შეხება მაინც აქვს, მან იცის, რომ ელჩი არ არის თავისუფალი ადამიანი და ის თავისი გემოვნებით არაფერს აკეთებს. ელჩი ყოველთვის იღებს მითითებას ცენტრიდან. ამით ჩვენ ვაყენებთ შეურაცხყოფას იმ ქვეყნებს, რომლებმაც ელჩები გამოგზავნეს ჩვენს ქვეყანაში. გრიგოლ ვაშაძის წასვლა სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, საერთოდ ოპოზიციისთვის, რადგან ქვეყანაში დღეს გრიგოლ ვაშაძე აღიქმებოდა, როგორც დაბალანსებული, დაფიქრებული პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, არარადიკალური გზებით მოეძებნა გამოსავალი. ამიტომ, ჩემი აზრით, ის დააკლდება ოპოზიციას. მე „ნაციონალური მოძრაობის“ პერსონალურ საკითხებში ვერ ჩავერევი, არ ვიცი, მათ სტრატეგია აქვთ თუ არ აქვთ. ერთს ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ბლოკშიც გადაწყვეტილებებს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა და შემდეგ აცნობდნენ ამ გადაწყვეტილებებს ბლოკის სხვა წევრებს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს ბლოკი შექმნილი იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ და შემდგომ გაგრძელდა საპარლამენტო არჩვნებისთვისაც. როგორი იქნება ამ ბლოკის ბედი მომავალში, უკვე აღარ ვიცი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მამუკა გამყრელიძის თქმით, კობა ნაყოფია, ნიკა მელია არიან ის ადამიანები რომლებიც გავლენას ინარჩუნებენ პარტიაში.

„კობა ნაყოფია, ნიკა მელია-ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც გავლენას ინარჩუნებენ პარტიაში, ნიკა გვარამიაც, რა თქმა უნდა რადგან ის მოიხსენიება მხარდამჭერებში, როგორც სახალხო ლიდერი, ლევან ვარშალომიძეა კიდევ უაღრესად სერიოზული ფიგურა, ხატია დეკანოიძეც შეიძლება. ვნახოთ, რა იქნება. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სააკაშვილის ჩარევას ამ საკითხში. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო ესენი იქნებიან, ლევან ვარშალომიძე ან კობა ნაყოფია, როგორც მასთან ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანები. ვანო მერაბიშვილიც კულუარების მუშაობის უსერიოზულესი მცოდნეა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ვაშაძე პარლამენტში შევიდეს.

„მე არაფერს გამოვრიცხავ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყველა შევიდეს პარლამენტში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, „ევროპული საქართველოს“ ყველაზე ხმაურიანი ლიდერებიც. თუ ჩვენ ვხახავთ გარკვეულ კომპრომისებს, დათმობებს ხელისუფლების მხრიდან, საერთო აზრის შეჯერება შეიძლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს დატოვა.

„შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს და, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას“, – განაცხადა ვაშაძემ.