მამუკა გამყრელიძე - ერთად თუ არ გავალთ არჩევნებზე, ოპოზიცია დამარცხდება
მამუკა გამყრელიძე - ერთად თუ არ გავალთ არჩევნებზე, ოპოზიცია დამარცხდება

ერთი რამე ვიცი ზუსტად, ერთად თუ არ გავალთ არჩევნებზე, ოპოზიცია დამარცხდება, – ამის შესახებ მამუკა გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა იშლება თუ არა ოპოზიცური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“.

როგორც მამუკა გამყრელიძემ აღნიშნა, გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შედგა შეხვედრა, სადაც განიხილეს, როგორ აპირებენ შემდგომში მუშაობას, თუმცა ეს ჯერ თვითონაც ვერ გადაწყვიტეს.

„შეთანხმება არსებობს, ჩვენ ვინც აქ ვართ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვართ ერთგულები შეთანხმების, ერთი წუთითაც არავინ იფიქროს, რომ დავარღვევთ რამეს. ვართ იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც შევიკრიბეთ ვარშავაში და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ინიცირებით, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება ყველაფერი, რას გვეტყვიან. ვხედავ, რომ არის საუბარი დამატებაზე გაერთიანებაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები, შესაძლებელია, ეს იყვნენ რესპუბლიკელები, არის სხვადასხვა პარტიები და ადამიანები, ვისთანაც საუბრობენ ახლაც, თუ გახსოვთ თქვენ, რესპუბლიკელები ძალიან აქტიურად გვიჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მე ერთი რამე ვიცი, როდესაც ადამიანი რაღაც ხელშეკრულებას დებს ვინმესთან, ის ხელშეკრულება უნდა შეასრულოს. ვიცი, რომ ეს შეთანხმება დაიდო მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან ვჭირდებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავის უნდოდა ურთიერთობა, ჩვენ სწორედ მაშინ დავუდექით მათ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილმა ეს მრავალჯერ აღნიშნა და იგივე გრიგოლ ვაშაძე. მაშინ, როდესაც ვჭირდებოდით, მაშინ გვერდით ვიყავით და ეს კარგი იყო, ახლა რატომ არ უნდა იყოს კარგი ერთად ყოფნა და ერთად ბრძოლაში შესვლა. ერთი რამე ვიცი ზუსტად, ერთად თუ არ გავალთ არჩევნებზე, ოპოზიცია დამარცხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.