მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონი დაათვალიერა და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა
მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონი დაათვალიერა და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე თელავში ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა და მათ ვარჯიშს დაესწრო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მთავრობის მეთაური თელავში ახალგაზრდა მორაგბეებს გაესაუბრა და მათ ვარჯიშს დაესწრო.

„დღეს თელავში გავხსენით ახალი ბაზა მორაგბეებისთვის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ქართული რაგბისთვის. ფაქტობრივად, ყველა დიდ ქალაქში გვაქვს ასეთი ბაზები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც უკვე 200 მილიონის ინვესტიცია განახორციელა რაგბის ინფრასტრუქტურაში მთელი საქართვლოს ტერიტორიაზე.

კახეთი და თელავი ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სპორტს და ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ბაზა მოგვცემს საშუალებას, ქართულ რაგბისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს გავუწიოთ პოპულარიზაცია. ბიჭებს დღეს ტონგასთან თამაში აქვთ, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თელავის რაგბის სტადიონი, რომლის მშენებლობა ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, 2017 წელს დაიწყო, მოიცავს ერთ ბუნებრივსაფარიან და ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,8 მილიონი ლარია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012-2018 წლებში სახელმწიფომ „რაგბის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 71 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რაც მოხმარდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მოსამზადებელ შეკრებებს, მგზავრობას და ა.შ. ხოლო ფონდმა “ქართუმ“ სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე 200 მილიონ ლარამდე დახარჯა.

აშენდა და რაგბის კავშირს მართვაში გადაეცა სტადიონები და ბაზები – თბილისში, რუსთავში, მარტყოფში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავში, ასპინძასა და ფოთში. ყველაზე დიდი ინვესტიცია დედაქალაქში განხორციელდა – თბილისს ხუთი სარაგბო კომპლექსი შეემატა.