მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული სამების ტაძრიდან მიულოცა
მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული სამების ტაძრიდან მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს სამების საკათედრო ტაძრიდან მოულოცა, სადაც ის საზეიმო წირვას დაესწრო.

პრემიერმა წმინდა გიორგის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ქართველ ერს წინსვლა და გაერთიანება უსურვა.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის განსხვავებული ადგილი და როლი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე.

მინდა, ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, წინსვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.