მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა
მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა.

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ მსგავსი ობიექტების მშენებლობა ყველა რეგიონში იგეგმება.

„ჩვენთვის სპორტს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვამაყობთ ჩვენი დიდი ტრადიციებით, რომელშიც ფეხბურთს განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში არის წარმატების მთავარი გასაღები. ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. ჩვენთვის ახალგაზრდების, მოზარდების, ბავშვების ჩართულობა სპორტში ყველაზე პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, ჩვენ მასობრივი სპორტის განვითარებაში ბევრ ევროპულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 6-7-ჯერ ჩამოვრჩებით. აქედან  გამომდინარე, სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მასობრივ სპორტში ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საფეხბურთო აკადემიაში სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად მჭიდროდ არის წარმოდგენილი განათლების კომპონენტი. მთავრობის მეთაურმა ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის წვლილს და განაცხადა, რომ განათლება 21-ე საუკუნეში წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფორმულაა.

მამუკა ბახტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა FIFA-ს და UEFA-ს წარმომადგენლებს და ყველას, ვისი ძალისხმევითაც რუსთავში ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა.

6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს, რომელთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია.

აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.

სპორტული აკადემიის გახსნაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთავის მერი  ირაკლი ტაბაღუა, FIFA-ს და UEFA-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.