მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა.
მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მესამე სართულზე განთავსებულ მედიის ოთახში ჩავიდა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს წარმატებული 2019 წელი უსურვა.
პრემიერი დაინტერესდა, ხომ არ არის საჭირო ფორმატის ცვლილება, ანუ მთავრობის სხდომის დაწყების წინ, როდესაც პრემიერი აკეთებს განცხადებას, ხომ არ იქნებოდა უკეთესი მინისტრებსაც სწორედ მაშინ გაეკეთებინათ კომენტარები. მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნა, რომ უმჯობესია მინისტრებმა კომენტარები სწორედ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთონ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ჟურნალისტებთან მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, უწყებების პრესასთან ურთიერთობის საკითხს ეხება, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით მოწესრიგებულია სწორედ მთავრობის ადმინისტრაცია.
საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც და ითქვა, რომ მომავალი წლიდან იგეგმება სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის შექმნა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას დაექვემდებარება.