მამუკა ბახტაძემ ისრაელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მამუკა ბახტაძემ ისრაელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისრაელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პრემიერ-მინისტრის მისალოცი წერილი ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა წაიკითხა.

„ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მივულოცო ისრაელის მთავრობას და ხალხს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავი და ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა.

2017 წელს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი. ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეებით განმტკიცებული სამაგალითო ურთიერთობების გამო, 2018 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენთვის ეს მეგობრობა. ჩვენ საერთო პრინციპები და ღირებულებები გვაკავშირებს, რაც განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

ჩვენ განვავითარეთ თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები, როგორიცაა პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისია, თავდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი სამუშაო პროგრამა.

ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში. 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა დავიდ ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი.

ხაზგასასმელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ისრაელი და საქართველო ერთგული პარტნიორები არიან. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ხალხთა შორის ურთიერთობას და კულტურულ კავშირებს და ამასთანავე, ორმხრივ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმატში ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც ისრაელის მთავრობას აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ თქვენ და ისრაელის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წერილში.

დატოვე კომენტარი