მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გახსნა
მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გახსნა

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იწყებს ახალ კამპანიას – „შენ C“.

კამპანიასთან დაკავშირებული კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გახსნა.

კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი სტატუსი ცე ჰეპატიტთან მიმართებაში, რადგან დაავადება უსიმპტომოა და ჰეპატიტის დასადგენად ერთადერთი გზა სკრინინგის ჩატარებაა.

ღონისძიებაზე წარადგინეს პრეზენტაცია პროგრამის ოთხი წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ.
ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ცე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ გააძლიერა ძალისხმევა ცე ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით.

მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია, პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.

დღეს ცე ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული ცე ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.

მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სკრინინგის გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტებია. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონი მოზრდილი ადამიანი ჩაიტარა სკრინინგი ცე ჰეპატიტზე, 58 000 -ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 00-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა თანამედროვე პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.