მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო მიღება გამართა
მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო მიღება გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს – ევროსაბჭოს – გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

დატოვე კომენტარი