მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს
მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე და ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე.

„აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და მისასალმებელია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მიაღწია. განსაკუთრებით გაესვა ხაზი განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობაზე.

საქართველოს პრემიერმა ფედერიკა მოგერინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად და ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.