მამუკა ბახტაძემ ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
მამუკა ბახტაძემ ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს, ლიუ ბენსიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ბენსიანს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა. ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც მამუკა ბახტაძე პირადად ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

ამასთან, როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით „სარტყელისა და გზის” ინიციატივის ქვეყნებში.