მამუკა ბახტაძემ ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
მამუკა ბახტაძემ ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მამუკა ბახტაძემ მშენებლებისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

პროექტი, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღემატება, თვის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც 38 ადამიანია დასაქმებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა იგეგმება.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას პრემიერი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.