მამუკა ბახტაძემ ბათუმში სასტუმრო Courtyard by Marriott-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
მამუკა ბახტაძემ ბათუმში სასტუმრო Courtyard by Marriott-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, სასტუმრო Courtyard by Marriott -ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექს „ალიანს პალასის“ შენობის პირველ ხუთ სართულზე, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის Courtyard by Marriott 150-ნომრიანი სასტუმრო, ხოლო დანარჩენ სართულებზე პრემიუმკლასის სასტუმრო აპარტამენტები განთავსდება.

მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ალიანს პალასის“ სასტუმრო აპარტამენტების ნაწილის ინტერიერის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საერთაშორისო სტუდია „D 73-ის“ დიზაინის მიხედვით გაკეთდა და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პარალელურად აქტიურ ფაზაშია შიდა სამშენებელო სამუშაოები „ქორთიარდ მარიოტის“ ნაწილში და პირველი სტუმრების მიღებას სასტუმრო მომავალი წლიდან დაიწყებს.

„ალიანს ჯგუფის“ პროექტში „ქორთიარდ მარიოტის“ გარდა კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია Sophos Hotels შემოდის, რომელიც კომპლექსის მართვას უზრუნველყოფს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 45 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და სამუშაოებში 1000-მდე ადამიანი არის ჩართული. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პროექტი 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.