მამუკა ბახტაძე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
მამუკა ბახტაძე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი.

პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ვადების შესაბამისად სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს. ის გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა.

აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული 5 კილომეტრი საექსპლუატაციოდ ამ პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას მსოფლიო (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკები (EIB) აფინანსებენ.

დატოვე კომენტარი